Geo Eng

სიახლეები

ერთი ვიზიტორი საქართველოში დღეს უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე - პანდემიამდე

15 დეკემბერი 2021

ერთი ვიზიტორი საქართველოში დღეს უფრო მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე პანდემიამდე - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის კვლევაშია აღნიშნული. “ტურიზმი აღდგენის გზაზე” - ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც საინვესტიციო ბანკმა მოამზადა და რომელიც კოვიდ-19-ის შედეგად სექტორისთვის მიყენებულ ზარალს სწავლობს და პროგნოზებსაც აკეთებს.

კვლევაში წერია, რომ 2019 წელს ერთი ვიზიტიდან საშუალო შემოსავალი 423 დოლარი იყო. 2021 წელს კი ეს რიცხვი 69%-ით გაიზარდა და შესაბამისად, 715 დოლარი შეადგინა.

თიბისი კაპიტალი მიუთითებს, რომ პანდემიის გამო ვიზიტორები შედარებით დიდი ხნით ამჯობინებენ ტურისტულ ლოკაციებში დარჩენას და ზრდაც ამასთან არის დაკავშირებული.

ვიზიტებზე შემოსავლების ზრდა შეიმჩნევა შემდეგი ქვეყნებიდან: რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი და საუდის არაბეთი.

“2016 - 2019 წლების პერიოდში საშუალო შემოსავალი შედარებით ნელი ტემპით იზრდებოდა წლიურად საშუალოდ 3%-ით. ასეთი ნელი ზრდა შესაძლოა, აიხსნას საქართველოს მთავარი ბაზრის შემადგენლობით და იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორებისგან მიღებული საშუალო შემოსავალი უმნიშვნელოდ გაიზარდა ან შემცირდა. 2021 წელს ვიზიტზე საშუალო შემოსავალი 69%-ით გაიზარდა. ეს ზრდა, სავარაუდოდ, დარჩენის დროის გაზრდითაა გამოწვეული, როგორც მსოფლიო ტრენდი მიუთითებს.

ერთი ვიზიტიდან მიღებული შემოსავლის ქვეყნების მიხედვით განხილვისას, მცირედი კლება ფიქსირდება თურქეთის შემთხვევაში. ეს ფაქტი თურქეთის მიმდინარე მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით შეიძლება აიხსნას. ვიზიტიდან
მიღებული შემოსავლები თითქმის უცვლელია ისრაელიდან და საუდის არაბეთიდან. ეს მიგვანიშნებს, რომ ბაზარზე მოგზაურობასთან დაკავშირებული ქცევა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. იმის ფონზე, რომ საქართველო სწორედ ამ ორი ქვეყნიდან იღებს ყველაზე მაღალ საშუალო შემოსავალს ერთ ვიზიტზე, ქვეყანამ უნდა გადაიაზროს მომავალში რას შესთავაზებს მათ, ამ ბაზრიდან შემოსავლის კიდევ უფრო გასაზრდელად”, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის ერთ-ერთი მიგნებაა, რომ საუდის არაბეთი, ისრაელი და უკრაინა საქართველოსათვის მზარდ ბაზარს წარმოადგენს, ხოლო ევროკავშირი სტაბილურად შეიძლება ჩაითვალოს.

გსურთ გაიგოთ მეტი?

გამოიწერეთ ჩვენი საიტი და დაიწყეთ უახლესი ამბებისა და პროექტების მიმოხილვის ნახვა.